17 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
ყოფილი შს მინისტრი ფიქრობს, რომ მისი მრევლისთვის არ იქნება სასიამოვნო სანახავი ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც მერაბიშვილი აღმოჩნდა - ვატო შაქარიშვილი 

ჯერ კიდევ უცნობია მივა თუ არა პოლიციაში გამოკითხვაზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ცემის ფაქტზე ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს.

უკვე გამოიკითხა გიორგი შარაშიძე, რომელმაც ფიზიკური ძალადობის ფაქტი "კურიერთან" ექსკლუზიურად დაადასტურა.

სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს ის პოლიციის განყოფილებაში. გია გაჩეჩილაძის სიძემ საჯაროდ აღიარა, რომ ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა.

ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობა "აი იას" დამფუძნებელი პარადოქსულად მიიჩნევს ფაქტს, როდესაც დაზარალებული არ თანამშრომლობს პოლიციასთან, ხოლო დამნაშავე კი ღიად საუბრობს თავის დანაშაულზე. 

"საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც თავად ამ საქმის მონაწილე "დამნაშავე" ღიად საუბრობს მომხდარი ფაქტის შესახებ, თუ ეს კანონთან წინააღმდეგობაში მოდის ის მზად არის მიიღოს ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული სანქცია.

მაგრამ ვხედავთ, რომ თავად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი უარს აცხადებს საგამოძიებო სტრუქტურებთან და პოლიციასთან თანამშრომლობაზე. ეს, როგორც მინიმუმ პარადოქსულად ჟღერს. იგი ფიქრობს, რომ მისი მრევლისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" მიმდევრებისთვის არ იქნება სასიამოვნო სანახავი, ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც ვანო მერაბიშვილი აღმოჩნდა," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი. 

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებას. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და განმარტავს, რომ მან ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.

"ამ ინციდენტის შესახებ მე საინფორმაციო წყაროების მეშვეობით გავიგე და თუ რაიმე სერიოზულ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებები დაიწყებენ მოკვლევას. ვერ გეტყვით რამდენად სერიოზული ინციდენტი იყო, ამასთან დაკავშირებით ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას,"-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

 

დღის ამბები