საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" დამფუძნებლები პასუხობენ.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის ეკა სეფაშვილის თქმით, კასიანოვის განცხადება დასტურებს, რომ ამ ფორმით გარკვეულ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.
"კასიანოვის განცხადება თავიდან ბოლომდე აგებულია სიცრუეზე და დეზინფორმაციაზე. მინდა აღვნიშნო, რომ "ბუკები" საქართველოსთვის არავის უჩუქებია, ეს მან უკრაინისგან შეისყიდა და საკმაოდ გაზრდილ ფასად. მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც მის განცხადებაში აღნიშნულია, აღმოჩნდა, რომ უკრაინა აშშ-სთან კოორდინაციაში მოქმედებდა და სთხოვდა საქართველოს ჯაველინების გადაცემას. ეს არის პირდაპირ მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ამ ომში. ეს მცდელობები დღესაც გრძელდება. ვფიქრობ, ელჩმაც უნდა გააკეთოს განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის ელჩმაც უნდა გააკეთოს," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფაშვილი.
"ომის დროს უკრაინელებს არანაირი იარაღი არ მოუციათ ჩვენთვის, ეგ იყო მშვიდობიან პერიოდში და ძალიან ცუდია ამის ლაპარაკს რომ გვაიძულებენ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ," - წერს დიმიტრი ხუნდაძე. მისი განმარტებით, უკრაინელებმა ჯაველინები ძალიან ძვირად მოგვყიდეს.
კიევი თბილისს "ბუკის" საჰაერო თავდაცვის კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის უკრაინაში გაგზავნას. კასიანოვმა თქვა, რომ ჯაველინის სისტემასთან დაკავშირებით, იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.
რა პოზიცია აქვს ამერიკულ მხარეს კასიანოვის ინფორმაციაზე და დაადასტურებს თუ არა ვერსიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
"წარმოდგენა არ მაქვს არც ჯაველინებთან, არც "ბუკებთან" მიმართებაში საერთოდ რა მოლაპარაკება იყო და არის. კითხვაა, რაში სჭირდება უკრაინულ მხარეს იარაღი - იარაღი სჭირდება უკრაინულ მხარეს იმიტომ, რომ საერთო მტერს ებრძვის. მთელი დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის სწორედ აშშ-სთან და თავის პარტნიორებთან კომუნიკაციის როგორც წესი სანაცვლოდ," - განაცხადა ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ.