ამერიკელი გენერლის განცხადებები თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებები თემაა. უმრავლესობა აცხადებს, რომ ჰოჯესი ლობისტური საქმიანობით არის დაკავებული, რაც მის ობიექტურობას გამორიცხავს.
"არ მესმის, რატომ მიაჯაჭვა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი მკვდარს, რომელიც არის კრემლი" - თქვა ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა. მან, ასევე, ვრცლად ისაუბრა ანაკლიის პორტზე. ვიზიტის ფარგლებში ის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას - "ლელოს" შეხვდა, რამაც მმართველ გუნდს ყოფილი სამხედრო ჩინოსნის მიკერძოებულებაზე არგუმენტი გაუმყარა.
საწინააღმდეგოა ოპოზიციის მოსაზრება, მათი ნაწილი ჰოჯესის გამოთქმულ მოსაზრებებს იზიარებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტი "ოცნებამ" ანაკლიის პროექტი მიზანმიმართულად ჩამოიშორა.
"ანაკლიის, ლაზიკის პროექტი, რომელიც დაწყებული იყო ჯერ კიდევ ათწლეულის წინ, იყო პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს უსაფრთხოებას და ეკონომიკურ წარმატებას. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, და ვინ მოკლა ეს პროექტი? "ქართულმა ოცნებამ" მოკლა. ეს პროექტი არ აწყობდა რუსეთს. ბენ ჰოჯესია ცნობილი ავტორიტეტული სამხედრო, რომელიც იყო ამერიკის შეიარაღებული სარდალი ევროპაში, ძალიან დიდი როლი აქვს მსოფლიოს სერიოზულ ოპერაციებში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის განსავითარებლად," - განაცხადა ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია, ამერიკელი გენერლის მიერ გამოთქმულ პოზიციაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
"მე არ ვიცი ამ კაცის და მისი დღევანდელი საქმიანობის შესახებ ბევრი რამე, ამ წუთას რითია დაკავებული ლობიზმით თუ სხვა საქმიანობით, მაგრამ მემგონი გასაკვირი იმაში არაფერი არ არის, როდესაც გენერალი, რომელიც გენერლობით გახდა ცნობილი სამხედრო თემებზე მოსაზრებას გამოთქვამს და ამბობს პოზიციას იმასთან დაკავშირებით სამხედრო თვალსაზრისით რა აჯობებდა. ამის მიღება ეგრევე პოლიტიკურ პოზიციად, სამხედრო გენერლის მიერ ნათქვამი სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული პოზიციის და მერე ჩათვლა, რომ თითქოს ის ომისკენ მოგიწოდებს, ჩემი აზრით არ არის სერიოზული," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ როდესაც პირი ამა თუ იმ საკითხის ლობისტური საქმიანობით არის დაკავებული, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და პოზიცია ვერასდროს იქნება ობიექტური.
"როდესაც ლობისტური საქმიანობით ხარ დაკავებული და ლობირებ ამა თუ იმ საქმეს, შენი ინფორმაცია და პოზიცია ვერ იქნება ვერასდროს ობიექტური. იმ ფაქტს, რომ ბატონი ჰოჯესი არის ლობისტი უშუალოდ იმ კონსორციუმის, რომელმაც ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ამას მეტყველებს ის, რომ ის პირდაპირ შეხვდა უშუალოდ ამ კონსორციუმის წარმომადგენლებს და მისი პირადი მეგობრობა კლარკთან, რომელიც იყო შუამავალი კონსორციუმსა და მთავრობას შორის, ზუსტად განაპირობებს იმას, რომ საზოგადოება იხილა, რომ ის არის პირდაპირი ლობისტი ამ საქმესთან და შესაბამისად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიხსენიოს რუსულად და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ მისი პირადი ინტერესი იყო და არის, რომ ეს კონსორციუმი, რომელმაც ვერ შეძლო ამ პროექტის შექმნა, კი არ დაადანაშაულოს, არამედ გაამტყუნოს საქართველოს ხელისუფლება," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ, არასამთავრობოებმა და ტელევიზიამ საქართველოს მთავრობის მიმართ გადამდგარი გენერლის მიერ გაკეთებული განცხადებები და რადიკალური კრიტიკა აიტაცეს, რასაც ის არ მიესალმება.
"ოპოზიციურმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ტელევიზიებმა აიტაცეს გადამდგარი გენერლის ეს რადიკალური კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ, რაც ძალიან ცუდია იმიტომ, რომ აშკარად ჩანს აქ ლობისტური ხაზი ბატონი ჰოჯესი დაკავშირებული ანაკლიის კონსორციუმთან, მას მგონი პირადადაც აქვს დადასტურებული, ჩემი ინფორმაციით ეს კავშირი ცხადზე ცხადია. სასურველია, რომ მას ეყოს პატიოსნება და პირდაპირ თქვას, რომ ის ეწევა ლობისტურ საქმიანობას ანაკლიის კონსორციუმის, ასევე „ლელოს“ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, როგორც ჩანს ხურდაში მოაყოლა ასევე კრიტიკული განცხადებები საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლებიც მთლიანად არის საფუძველს მოკლებული," – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.