17 მაისი 2024,   08:23
ვრცლად
ვინ აკონტროლებს ქალაქ სოლედარს - უკრაინული ქალაქისთვის ბრძოლა დასასრულს უახლოვდება

დაიკავეს თუ არა სოლედარი რუსმა სამხედროებმა და რა ხდება ომის ეპიცენტრში - ეს დანამდვილებით არავინ იცის. გავრცელებული ცნობები ურთიერთგამომრიცხავია. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი გეოლოკაციური მასალების საფუძველზე ვარაუდობს, რომ სოლედარს მთლიანად, ან მის უდიდეს ნაწილს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

სოლედარში პოზიციების შენარჩუნებაზე საუბრობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში. უწყება ქალაქის დაკარგვაზე ცნობებს უარყოფს, ინფორმაციას არც პენტაგონი ადასტურებს.

უკვე ორ კვირაზე მეტია დონეცკის ოლქის პატარა ქალაქი სოლედარი ომის ყველაზე ცხელი წერტილია. მისმა დაკარგვამ შესაძლოა, უკრაინელ სამხედროებს ბევრად უფრო დიდი ბახმუტის დაცვა გაურთულოს, რომელსაც რუსი სამხედროები უკვე თვეებია შტურმით უტევენ. ამიტომ უკავია უკრაინის პრეზიდენტის დღის წესრიგში სოლედარის დაცვას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს სუმის ოლქშიც, სადაც რუსმა სამხედროებმა სასაზღვრო დასახლებები 21-ჯერ დაბომბეს. არიან დაშავებულები. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების ავიაიერიშებს ზაპოროჟიეს ოლქზე. დაიბომბა ნიკოპოლიც. იერიშები იყო ხერსონის რეგიონშიც, სადაც ოკუპანტების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად კი კვლავ ისმის პოლიტიკური ბრალდებები თუ ვინ მოიგო და ვინ დაზარალდა უკრაინაში ომით. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ არასწორი სანქციების პოლიტიკის და ომის მსხვერპლი ევროპელები არიან. ორბანის განცხადებით ამ სიტუაციაში მოგებული მხოლოდ შეერთებული შტატები დარჩა.

დღის ამბები