14 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, ის, უბრალოდ, მოკვდება, თუ რუსეთი შეწყვეტს აგრესიას, ომი დასრულდება" - გაეროში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრეს

გაეროში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებსა და აგრესიაზე ისაუბრეს. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელმა უკრაინის საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საჰაერო თავდაცვითი შეიარაღება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გაეროში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა აგრესორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

"უკრაინის სამშვიდობო სამიტის იდეას მივყავართ იქამდე, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. ცხადია, ეს მხოლოდ დასავლური საზოგადოების სიმპათიის მოპოვების მცდელობაა, რომელიც სულ უფრო ხშირად აჩენს უხერხულ კითხვებს იმის შესახებ, თუ სად მიდიოდა კიევისთვის მიწოდებული ფული და რატომ უარს ამბობს უკრაინა რაიმე რეალისტურ მედიაციის ინიციატივებზე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ზეთისხილის რტოს გვიწვდის კიევში. რა შეიძლება იყოს უფრო კეთილშობილური? თუმცა, ნათელია, რომ ამ მშვენიერი ფასადის უკან არის ჩამოშლილი სტრუქტურა," - განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვასილი ნებენზიამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ემინე ჯაფაროვა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკაზე სანქციები გაძლიერდეს.

"საბჭოს ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე მსჯელობდნენ სიტუაცია გაუარესდა. რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების დიდი ნაწილი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის. ეს არის იერიშების 62%. ახლა ბახმუტი და სოლედარი საბრძლო მოქმედებების ეპიცენტრია. რაც იქ ხდება, აჭარბებს მეორე მსოფლიო ომის ყველაზე საშინელ სურათებს. სამართლიანობის აღსადგენად მნიშვნელოვანია, შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის ტრიბუნალი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორზე. ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, პრიორიტეტული საჰაერო თავდაცვის სისტემებია. თუ უკრაინა შეწყვეტს ომს, ის უბრალოდ მოკვდება, თუ რუსეთის შეწყვეტს აგრესიას, ომი დასრულდება," - განაცხადა ემინე ჯაფაროვამ.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში როზმარი დიკარლომ კი რუსეთის მიერ ომის დროს სექსუალური დანაშაულის ფაქტებზე ისაუბრა.

"24 თებერვლიდან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დააფიქსირა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც იყოფა ორ კატეგორიად: უმრავლესობა, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდი დაკავების დროს, ძირითადად მამაკაცებზე და სექსუალური ძალადობა, რომელიც მოიცავს ქალებისა და გოგონების გაუპატიურებას, მათ შორის, ჯგუფურ გაუპატიურებას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მნიშვნელოვანია ყველას დაეკისროს პასუხისმგებლობა ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს," - განაცხადა როზმარი დიკარლომ.

საფრთხეებზე ისაუბრა აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ლინდა ტომას-გრინფილდიმაც.

" დღეს მე ვთხოვ საბჭოს წევრებს, შემოგვიერთდნენ და მოვუწოდოთ რუსეთს დაუყონებლივ გაზარდოს თანამშრომლობა. სანამ ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის ომის ტალღოვანი ეფექტის შეკავებაზე, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები იმ საშინელებაზე, რომელიც უკრაინაში ხდება. გვჯერა, რომ ირანი ახლა განიხილავს ასობით ბალისტიკური რაკეტის რუსეთისთვის მიყიდვის საკითხს, რაც საბჭოს რეზულიციის დარღვევაა. მოვუწოდებთ ირანს, შეცვალოს კურსი და არ გადადგას ეს ნაბიჯები და მოვუწოდებთ ყველას, ვინც მშვიდობის მომხრეა, სთხოვოს ირანსაც იგივე გააკეთოს," - განაცხადა აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ლინდა ტომას-გრინფილდიმ.

 

დღის ამბები