"მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას სტატუსს, რომ უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი 2008 წლის ომის დაწყებას მიშა სააკაშვილს აბრალებდა, უკვე მოჰყვა შეფასებები.
ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებით, რურუამ ეს განცხადება პირადი უთანხმოების გამო გააკეთა.
"პირადი უთანხმოების გამოა ასეთი განცხადება გაკეთებული. ვწუხვარ ამის გამო.
როდესაც საუბარია ვინმესთან კავშირზე, 8 წელი ეს კაცი სამარტოო საკანში იჯდა. ასევე ყველამ კარგად ვიცით, რომ სთხოვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, თუ ვინმემ რამე იცის გამოვიდეს და საზოგადოებას უფრო მეტი გააგებინოს, მათი საქმეა,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ამასთან, "კურიერის" შეკითხვაზე - სმენია თუ არა ლევან ხაბეიშვილს რამე ვანო მერაბიშვილის რუსებთან კონტაქტის შესახებ, ის ამბობს, რომ ეს ანეგდოტია.
"ჩემი აზრით ეს ანეგდოტია... "ნაციონალურ მოძრაობაში" დაუპირისპირდე ლევან ვარშალომიძეს - მე უცნაურად მეჩვენება. რუსთავში გამარჯვებულ კირკიტაძეს დაუპირისპირდე - უცნაურად მეჩვენება. თელავში გამარჯვებულ გიორგი ბოტკოველს დაუპირისპირდე - უცნაურად მეჩვენება," -აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ბაჩო დოლიძის განცხადებით კი, ცხადზე ცხადია, რომ ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრ პროცესს მართავს, თუმცა მისივე თქმით, ისიც აშკარაა, რომ მერაბიშვილი ამავდროულად საჯაროობას გაურბის.
"საჯარო პოლიტიკა დახურულ კაფეებსა და რესტორნებში არ კეთდება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.