14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
შიდაპარტიული არჩევნების თარიღი სიმბოლური იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დაშლისა და პოლიტიკური სივრციდან გაქრობის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი - რატი იონათამაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას სტატუსს, რომ უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი 2008 წლის ომის დაწყებას მიშა სააკაშვილს აბრალებდა, მმართველ გუნდში აფასებენ. 

რატი იონათამიშვილის განცხადებით, რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნების თარიღი, მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს "ნაციონალური მოძრაობისგან".

"გარდა იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავს ამ კლანური დაპირისპირების ყველაზე ოდიოზურ გამოვლინებას, ჩემთვის ძალიან მძიმე ბრალდება იყო და ამ მძიმე ბრალდებასთან ერთად, ასევე ძალიან მძიმე არის ისიც, რომ თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა ბატონ რურუას, რატომ აქამდე არ საუბრობდა ამის შესახებ და რატომ იყო ჩუმად.

ვფიქრობ, რომ რაც უფრო მოახლოვდება შიდაპარტიული არჩევნების თარიღი, მით უფრო მეტი სიბინძურე გამოჟონავს "ნაციონალური მოძრაობისგან" და ეს თარიღი ასევე სიმბოლური იქნება, ამ პარტიის დაშლისა და ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრობის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ჩვენს ხელისუფლებაში ქმნიდნენ დანაშაულებრივ და კრიმინალურ სისტემას და როდესაც ამ ვიწრო პარტიაში არიან დარჩენილები, იქ აქვთ ეს კლანური დაპირისპირება გაღვივებული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამაშვილი

"ხალხის ძალის" წევრის ეკა სეფაშვილის განცხადებით კი, "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდა და ეს საქართველოსთვის კარგია. 

"ეს არეულობა მიმდინარეობს იმ ბინძური  მეთოდებით, როგორითაც ისინი ცნობილები არიან და რომელსაც საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ. ეს თავისი მეთოდები, შიდაპარტიულ დაპირისპირებას ხმარდება და რომელი ლიდერი გაიმარჯვებს და რა იქნება, ეს ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, რომ ეს პარტია დასუსტდა და ეს არის საქართველოსთვის კარგი.  ეს ნიშნავს ქართულ პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირებას," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები