14 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
გიორგი რურუა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ - რაში ადანაშაულებენ ყოფილ შს მინისტრს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები

ვანო მერაბიშვილს კიდევ ერთი ყოფილი თანამოაზრე და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი უპირისპირდება, დღეს გიორგი რურუამ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეტა ყოფილი მინისტრი რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა. რურუა საკუთარ ფეისბუქ სტატუსში ამტკიცებს, რომ მერაბიშვილი გავლენების აღდგენას მანკიერი მეთოდებით ცდილობს.

კიდევ ერთი მხარდამჭერი, რომელიც მერაბიშვილის სავარაუდო რუსულ კავშირებზე საუბრობს, თეა თუთბერიძეა. აქტივისტს, ქვეყნის ხერხემლად წოდებული მერაბიშვილისგან, ციხის კადრების გავრცელებაზე სურს პასუხი. თუთბერიძე, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ცხოვრობს - არც იმას გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერი ომის დროს რუსული ინტერესების გამტარი ყოფილიყო.

მელიას მხარდამჭერების ბრალდებებს, მერაბიშვილის მიმართ პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს ლევან ხაბეიშვილი. ის, შს ყოფილი მინისტრის სუფთა პოლიტიკურ წარსულში დარწმუნებულია. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თანაგუნდელებს მერაბიშვილის 7 წლიან პატიმრობას ახსენებს და ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

არაფორმალური მმართველობით ნაციონალურ მოძრაობა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნისთვისაა განწირული - ასეთია ნიკა მელიას ფლანგის პოზიცია, ვანო მერაბიშვილის ქმედებებზე. ფარული ჩანაწერებით მანიპულირება და შანტაჟი - ის მეთოდებია, რომელიც მათი თქმით, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას წარსულ შეცდომების გზაზე აბრუნებს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები დღეს კოლეგების შეფასების საგანიც გახდა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობა" დაშლის ზღვარზეა, რაც პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს.

ურთიერთბრალდებები და დაძაბულობა "ნაცმოძრაობაში" მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. უმრავლესობისთვის, ოკუპანტებთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კავშირს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერაც ადასტურებს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციურ პარტიაში კლანური დაპირისპირებაა, რაც ბუნებრივია ანტიდემოკრატიული ხერხებით მიმდინარეობს.

უკვე რამდენიმე კვირაა ბრალდებების მიუხედავად მედიასთან თავად ვანო მერაბიშვილი არ ჩნდება. "ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს 28 იანვარს აირჩევს.

დღის ამბები