ნიკა მელიას მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ბრალდებებს ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით იზიარებენ. ბაჩო დოლიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი მიუღებელ მეთოდებს იყენებს და მისი სახით პარტიაში არაფორმალური მართველობის მცდელობა ხდება.
"ლევანთან ჩვენ ყველაზე ნაკლები პრეტენზია გვაქვს. არ ვიცი აცნობიერებს, ვერ აცნობიერებს, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ ის არის, ამ შემთხვევაში, ბინძურ ხრიკებში გამოყენებული და მე ვფიქრობ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი.
ყველაზე მთავარი პრობლემა, რაზეც ბოლო პერიოდი მე ხაზს ვუსვამდი, არის არაფორმალური მმართველობის მცდელობა. ვანო მერაბიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული, მან არჩია ის მეთოდები, სამწუხაროდ, რა მეთოდებითაც ჩვენს ოპონენტებს ვებრძვით, ეს არის ფარდის უკან, კულისები და ა.შ. რა მეთოდებსაც იყენებს, ეს მეთოდები არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის.
ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება შეუძლებელია. ამდენი წლის განმავლობაში მთავარი მოკავშირეები არიან ამ პოლიტიკურ ბრძოლაში," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
საწინააღმდეგოა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა პოზიცია. მათი განცხადებით, მელიას არანაირი არგუმენტი არ აქვს და დარწმუნდნენ იმაში, რომ პარტიაში შიდა არჩევნები აუცილებელი იყო. მათი განცხადებით, კულისებითან არავინ არავის არ მართავს.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, 9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის დამგეგმავად, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ასახელებს.
როგორც მელია აცხადებს, ამ ჩანაწერით მისმა გამავრცელებლებმა "ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს" და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ არჩევნებს.