14 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
პასუხისმგებლობისგან დაცლილი, დაბოღმილი, დაპატარავებული, მხოლოდ ტალახით მომარაგებული - ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. პარტიაში მიმდინარე პროცესების ორგანიზებას ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილს უკავშირებს. ნიკა მელიას მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ბრალდებებს იზიარებენ.

საწინააღმდეგოა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერთა პოზიცია.  მათი განცხადებით, მელიას არანირი არგუმენტი არ აქვს.

თავად ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ნიკა მელია ჭორაობს და მისი შეფასებები აზიანებს პარტიას. 

"პასუხისმგებლობისგან დაცლილი, დაბოღმილი, დაპატარავებული, მხოლოდ ტალახით მომარაგებული პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ვიხილეთ. მე დავდივარ ხალხში, ეს ადამიანი კი გამოკეტილია კაბინეტში და დაკავდა ჭორაობით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლანძღავს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, როგორიც არის ლევან ვარშალომიძე, დავით კირკიტაძე, გიორგი ბოტკოველი, პეტრე ცისკარიშვილი, თემურ ჯანაშია. ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი არის ცუდი კაცი. მე, მაგალითად, ცუდ კონტექსტში რომ მოვიხსენიო და ვთქვა, რომ მის უკან დგას ბაჩო ახალია, იმიტომ რომ ნუგზარ წიკლაურის მეგობარია, აკო მინაშვილის მეგობარია და რომ ვთქვა, ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა დგას ნიკა მელიას უკან  და ცუდ კონტექსტში რომ ვისაუბრო, ეს არ იქნება ნორმალური. პარტიას აზიანებს ჭორიკანა პარტიის თავმჯდომარე. თუ რამით ზიანდება "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის დღეები, როდესაც ის კიდევ მოქმედი თავმჯდომარეა. დამიჯერეთ, როგორც სხვები არ გახსენებიათ "ნაციონალურ მოძრაობაში," ისე არ გაახსენდებათ ნიკა მელია. 

გუშინდელის მერე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვერ გახდება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე,  სხვა პარტიის შეიძლება გახდეს," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრის, დავით კირკიტაძის შეფასებით, ნიკა მელიას განცხადებები მთლიანად არის აცილებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მომხრეების პოზიციებს. 

ამის საპასუხოდ, ნიკა მელიას მომხრე მირდატ ქამადაძე კი აცხადებს, რომ პარტიაში პროცესები კულისებიდან იმართება და მოუწოდებს ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ლევან ვარშალომიძეს რომ საჯაროდ ესაუბრონ საკუთარ ამომრჩევლებს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, 9 იანვარს გავრცელებული აუდიოჩანაწერის დამგეგმავად, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ასახელებს.

როგორც მელია აცხადებს, ამ ჩანაწერით მისმა გამავრცელებლებმა "ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს" და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ არჩევნებს.

დღის ამბები