14 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაცია "პროლოგის" ეპილოგის მოლოდინში - "ხალხის ძალის" მორიგი ვრცელი წერილი სასამართლოს დაცვის მოტივით

შეტევა მართლმსაჯულებაზე - "ხალხის ძალა" დაინტერესებული პირების და ორგანიზაციების მხრიდან სასამართლო სისტემაში გავლენების მოპოვების მცდელობაზე საუბრობს. საზოგადოებრივი მოძრაობა - ამერიკის საელჩოსა და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე წერს და აცხადებს, რომ სწორედ მათი გამოყენებით ცდილობენ სისტემაში "ნაციონალური მოძრაობის" გავლენების აღდგენას.

საუბარია USAID-ის "კანონის უზენაესობის" პროექტ "პროლოგზე" და მის მოქმედებებზე. "ხალხის ძალის" მტკიცებით ამერიკის საელჩოს ძალისხმევით 1998-2001 წლებში სასამართლო რეფორმა სწორედ "პროლოგს" ჩააბარეს, მათივე ჩართულობით განხორციელდა 2004-2005 წლების რეფორმაც, რომლის მიხედვითაც "საზოგადოებრივი მოძრაობის" წევრების განცხადებით სისტემიდან ათეულობით მოსამართლე გაათავისუფლეს და სასამართლოზე კონტროლი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდა მოიპოვა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით წარსულში საელჩო, სისტემის მთავარი მფარველი იყო ხოლო, "პროლოგმა" სასამართლოს კრიტიკა მხოლოდ 2015 წელს დაიწყო ამას კი "ხალხის ძალაში" იმით ხსნიან, რომ სააკაშვილის მოკავშირეებს გაჯანსაღებული მართლმსაჯულება არ აწყობთ.

"ხალხის ძალამ" საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ყურადღება პროექტ "პროლოგის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის ფეისბუქსტატუსზეც გაამახვილა. საუბარია სოციალურ ქსელში ინგა თოდრიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელიც უმრავლესობის წევრების შეფასებით მიუკერძოებელი ორგანიზაციის დამოკიდებულების ნაცვლად პარტიული აქტივისტის პოზიციას ჰგავს.

ინგა თოდრიას არც მის სტატუსზე და არც "ხალხის ძალის" წერილზე განმარტება არ სურს. ბრალდებების უპასუხოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო პროექტ "პროლოგის" წარმომადგენლობამაც. მესამე სექტორის ნაწილი კი არ მალავს, რომ მათი დამოკიდებულება შესაძლოა პოლიტიკური დაინტერესების განცდას ტოვებდეს.

"ხალხის ძალა" დარწმუნებულია, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მიღმა სისტემის დამორჩილება დგას. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მმართველ პარტიას მოუწოდებენ მსგავს ქმედებებს შესაბამისი ზომები დაუპირისპირონ.

ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ "ხალხის ძალა", საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ის, რომ გარკვეულ ძალებს მართლმსაჯულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ არ მალავენ ოპოზიციურ პარტიებში.

სასამართლოებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი იმ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რომ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი შესრულებულია, თუმცა არის ისეთი წინადადებებიც, რომელიც სასამართლოს გაჯანსაღებას ხელს არ უწყობს და კონკრეტული მიზნის განცდას ტოვებს.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მცდელობაა შესაბამისად ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც აპირებენ.

დღის ამბები