14 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ფონდი "ქართუს“ მორიგი საჩუქარი დედაქალაქს - "ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა

"ლაგუნა ვერე", თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი და სპორტული კომპლექსი, სადაც უამრავი სპორტსმენი აღიზარდა, ახლა ხავსით და მცენარეებით არის დაფარული.

10 წლიანი პაუზის შემდეგ, კომპლექსი დაკარგულ ფუნქციას იბრუნებს. ფონდმა "ქართუმ" "ლაგუნა ვერეს" ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია  მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. ინფორმაცია დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

დედაქალაქის უმსხვილესი საცურაო კომპლექსი სახელმწიფომ კერძო ინვესტორებზე აუქციონის წესით 2007 წელს გაასხვისა. 2020 წლიდან აქციების უდიდესი ნაწილის მფლობელი ფონდი "ქართუა". ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ერთ დროს ყველა თაობისთვის საყვარელი ადგილის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაციას მიესალმება და მხარს უჭერს დედაქალაქის საკრებულო. თვითმმართველ ორგანოში მიაჩნიათ, რომ აუზის განახლება ურბანული თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ახალი კონცეფციის თანახმად, "ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და თბილისელებს მოემსახურება

საცურაო აუზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნებას აფასებენ პოლიტიკოსებიც. საპარლამენტო უმრავლესობაში ფონდი "ქართუს" ქველმოქმედებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მხარეებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

"ლაგუნა ვერემ" ფუნქციონირება გახსნიდან 35 წლის შემდეგ შეწყვიტა. გარემო დაამძიმა 13 ივნისის სტიქიამ და წყალდიდობამაც.ტერიტორია დაჭაობდა და ხავსი მოედო. სულ მალე კი ქალაქის ისტორიულ არეალში მოქალაქეები გამაჯანსაღებელი კომპლექსით სარგებლობას ისევ შეძლებენ. მერიას პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. შენარჩუნდება აუზის ძველი იერსახე..პირვანდელი სახე ექნება აბრეშუმის ქარხნის ძველ შენობასაც,რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს ქმნის.

 

დღის ამბები