14 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ - მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, "მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023"-ის კომენტირებისას განაცხადა.

საქართველოსთან მიმართებით, ანგარიშში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზები გაზრდილია.

"გაერო-მ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. გაერო-ს შეფასებით, თუ 2022 წლის ანგარიშში ვარაუდობდა 4,4%-ის დონეზე ეკონომიკურ ზრდას, უკვე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 10,8%-ია, ხოლო 2023 წელს, ნაცვლად 4%-ისა, არის 5,2%, რაც ნათლად მიანიშნებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოს მიმართ აქვთ პოზიტიური მოლოდინი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით," – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები უმჯობესდება საქართველოსთან მიმართებით.

"თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე გაერო-ს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი. ეს მიანიშნებს, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნათელი და ცხადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა არის მყარი, ძლიერი და კარგი იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატიულია და უფრო დაბალია, ვიდრე რეალობა და ამას აჩვენებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები. ასე რომ, საქართველოს შეუძლია, გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით, დასაქმების კარგი მაჩვენებლის ჩამოყალიბებით და უმუშევრობის შემცირებით," – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის კომენტარს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

დღის ამბები