თუ აქამდე ექსპრეზიდენტის გარემოცვა ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, დღეს გიული ალასანია ამბობს, რომ თუ პატიმარს გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული სააკაშვილი სამკურნალოდ საქართველოში დარჩეს. გიული ალასანიას შეცვლილ ვერსიას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან.
"საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან. რომლებიც პერიოდულად აღიარებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მაზოხისტურ საქმიანობას ეწევა, თავისი თავის დაზიანების მიზნით და ყველამ კარგად იცის რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, "ვივამედს" გააჩნია ის რესურსი, რომელიც საჭიროა მკურნალობისათვის.
არსებობს მკურნალობის გარკვეული კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყო თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს," - ამბობს ვოლსკიმ.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარე თავის თავს სიცრუეში ამხელს.
"გაოცებული ვუსმენდი, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პატიმარ სააკაშვილს აქვს ისეთი დაავადება, თვითონ ამტკიცებდნენ, რომ აქ მკურნალობა შეუძლებელია და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. თურმე გავათავისუფლოთო, გადაუვადდესო და თვითონ იმკურნალებს საქართველოშიო.
მერამდენედ უნდა ამხილონ თავიანთი თავი ამ სიცრუეში.
ადამიანზე ამბობდე, რომ აქვს დემენცია, არის არაადეკვატური და ა.შ. - ადამიანი, ჩვენებებს აძლევს საერთაშორისო ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, ამხელს თავისი გუნდის ნაწილს, ვინ უღალატა, ვინ რუსული ინტერესების დამკვეთია. ამის ანალიზს აკეთებს და არ მგონია მას დემენციის რამე ეტყობოდეს," - განაცხადა ზარქუამ.