"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საკითხზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარს. ისინი საუბრობენ იმაზე, ითანამშრომლებენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფლანგი გაძლიერდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, "არის თუ არა "ლელოს" კარი ღია ნიკა მელიასთვის?", პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "ლელოს" კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც არ გააჩნია ისეთი შავი ლაქები წარსულში, რომლებიც პარტიის პრინციპებთან იქნება მიუღებელი.
"თუ ვინმეს ექნება რაციონალური, სუფთა წარსულის პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, მოქალაქეებს, სურვილი, რომ შემოუერთდნენ "ლელოს", "ლელოს" კარი არის ღია. "ლელოს" კარი არის ღია ყველასთვის, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ აკეთოს საქმე, იბრძოლოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და მათ შორის, ვისაც არ აქვს ისეთი შავი ლაქები, რომლებიც ჩვენს პარტიულ პრინციპებთან იქნება მიუღებელი. ნიკა მელიასთან "ლელო" თანამშრომლობდა და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ "ლელოს" მისდამი არ აქვს მძიმე შეკითხვები პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით," - აცხადებს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
პარტია"კანონი და სამართალის" თავმჯდომარეს თაკო ჩარკვიანს კი მიაჩნია, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევით ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა.
"მე მიმაჩნია, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. იმედი მაქვს, რომ უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება, თუ არ იქნება მოქმედი თავმჯდომარე, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი.
ნიკა მელიასთვისაც მე მგონია, რომ რაღაც კარგია ეს რაც მოხდა იმიტომ, რომ სამომავლოდ ეცოდინება, ჯერ ახალგაზრდაა, კიდევ დიდი გზა აქვს და ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ეს ყველაფერი სასწავლებლად ძალიან კარგია. ამომრჩეველი არასდროს არ გპატიობს რაღაც მთავარს, ის მთავარი არის უმოქმედობა," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.