10 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
გაკოტრების რეჟიმში მყოფი ბანკის მხრიდან ამ მასშტაბის ფულის დაბრუნება მოხდება თუ არა, არავინ იცის და ამ საქმეში პოლიტიკური სარჩულის ძებნა სისულელეა - რომან გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების წერილს შეფასება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. "ქართულ ოცნებაში" იზიარებენ ადვოკატების მოსაზრებას, რომ გამარჯვების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ზეწოლის გამო, არ ეძლევა წვდომა საკუთარ აქტივებზე. განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება.

როგორც პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე განმარტავს, გაკოტრების რეჟიმში მყოფი ბანკის მხრიდან ამ მასშტაბის ფულის დაბრუნება მოხდება თუ არა, ეს არავინ იცის და ამ საქმეში პოლიტიკური სარჩულის ძებნა სისულელეა.

"ეს ბანკი იყიდა შვეიცარიის დიდმა ბანკმა და მის რეაბილიტაციას მოუნდება მრავალი წელი. 10-20 წლის მერე, თუ კი ეს ბანკი არ ჩამოიშალა, მართლაც შეიძლება ვიღაცას დაუბრუნოს ფული, მაგრამ ამ მასშტაბის ფულის დაბრუნება, იმ მდგომარეობაში მყოფი ბანკისათვის, რომელიც ახლა გაკოტრების რეჟიმშია და რეაბილიტაცია მოხდება თუ არა - არავინ იცის, რაღაც პოლიტიკური სარჩულების მოძებნა არის სისულელე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს ერთი ჩვეულებრივი კერძო დავა და არ შეიძლება რომ ამ დავიდან გამომდინარე, ვინმე სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს.

"დაუშვებელია სახელმწიფო ინტერესები იდგეს უფრო დაბლა, ვიდრე კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული ფინანსური ინტერესებია. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და რასაც ჩვენ "ოცნების" მხრიდან ვხედავთ და დღევანდელი ხელისუფლებისგან ვხედავთ არის ის, რომ ბატონი ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს. ეს უნდა იყოს ერთი ჩვეულებრივი კერძო დავა და არ შეიძლება, რომ ამ დავიდან გამომდინარე, ვინმე სახელმწიფო ინტერესებს აზიანებდეს", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები