საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო და გლობალური გამოწვევების პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიოს ამჟამინდელი მდგომარეობა გამოირჩევა ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების კომპლექსური ქსელით, ამ მოცემულობისას კი მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვა ხდება არამხოლოდ ეროვნული მოვალეობა, არამედ საერთო პასუხისმგებლობა.
"გრძელვადიან პერსპექტივაში, SDG-ების განხორციელება ხელს შეუწყობს პროდუქტიულობას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას. შედეგად, ჩვენი პოლიტიკა გახდება უფრო ინკლუზიური და უზრუნველყოფს შემოსავლებისა და შესაძლებლობების უთანასწორობის შემცირებას ისე, რომ არავინ დარჩეს პროცესის მიღმა. საქართველომ დაიწყო SDGs ეროვნულ მიზნებში ჩართვის ინტენსიური პროცესი, მათი ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოყვანა; დაისახა მიზნები და ამოცანები ეროვნული კონტექსტის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით“, - განაცხადა მინისტრმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ 2015 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესი დაიწყო.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების, სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერების კუთხით. ამასთან, მისი ინფორმაციით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის და სიღარიბის მაჩვენებლის თითქმის განახევრების მიუხედავად, სიღარიბე და უთანასწორობა კვლავ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევას.
"მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რომელიც განპირობებულია SDG-ის სულისკვეთებით, რომელიც ესწრაფვის მდგრადი ურთიერთქმედებას ეკონომიკურ ზრდას, ადამიანთა განვითარებასა და გარემოს შორის, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს სათანადო ყურადღება მიაქციოს ქართულ საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და გააძლიეროს ძალისხმევა SDG-ების მისაღწევად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ამრიგად, სხვა ერებთან თანამშრომლობა არა მხოლოდ ვარიანტია, არამედ - აუცილებლობა.
"საქართველოს მთავრობის ვალდებულება, შეუსაბამოს თავისი ეროვნული პოლიტიკა SDG-ებთან, ადასტურებს ამ გამოწვევების გლობალური ბუნების აღიარებას და ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნაში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ მიზნების რეალიზება მოითხოვს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე შეთანხმებულ და კოორდინირებულ მიდგომას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი, საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიას ყველასთვის, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ინოვაციების ხელშეწყობას, მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და უთანასწორობის შემცირებას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება და განათლების ხარჯვის ეფექტურობის გაზრდა იქნება მთავარი მიმართულებაა მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორებში დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის, შინამეურნეობების შემოსავლების გაზრდისა და უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.
პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად დუბაიში ასევე იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.