14 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც" - პრემიერი სიების ჩახსნაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის განცხადება სიების ჩახსნასთან დაკავშირებით "პიარული სვლაა", რადგან ეს შეუძლებელია იქამდე, სანამ პარლამენტი არ ცნობს თითოეული დეპუტატის უფლებამოსილებას.

მისივე თქმით, ეს არის "საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი", რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისი კანონმდებლობა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმები გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც. ასეთი ნაბიჯები, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, პიარულ მიზნებზეა გათვლილი, მეტი დატვირთვა ამას, ბუნებრივია, ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია, შესაბამისად, როცა გაიმართება პარლამენტის პირველი სესია, ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ, თუ ვინმეს სურს მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასთან და მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

დღის ამბები