ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის, შესახებ დღეს ახალი ფაქტები გახმაურდა. სასამართლომ პატიმრობაში მყოფი პოლიციის ყოფილი მაღლჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა, დაკითხა.
როგორც მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები აცხადებენ, დახურულ სხდომაზე ფირცხალავამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მოწმე ირაკლი მამალაძე წლების განმავლობაში იყო აგენტ-პროვოკატორი და ის არაერთ საქმეში ფიგურირებდა.
მამა გიორგის ადვოკატების განცხადებით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ის საქმეებიც დაასახელა, რომლებშიც კონკრეტული პირები ირაკლი მამალაძის ჩვენებით გაასამართლეს.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, ფირცხალავამ სასამართლოს მესამე პირისგან მოსმენილი ინფორმაცია მიაწოდა, რომლის სანდოობასაც ისინი ეჭვქვეშ აყენებენ.
თავად ირაკლი მამალაძეს მიაჩნია, რომ ფირცხალავა პროკურატურის დისკრედიტაციას ცდილობს.
ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ამტკიცებს, რომ მას არც ფირცხალავას დასახელებულ და არც სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან კავშირი არასდროს ჰქონია.
მომდევნო სხდომაზე სასამართლო კვლავ დაცვის მხარის მოწმეს მოუსმინეს. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს ჩვენებას ბრალდებული დეკანოზი მისცემს.