18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
საკრებულოს უმცირესობა თბილისის მერის მოადგილესა და ადმინისტრაციის უფროსს იბარებს

თბილისის მერიაში, ერთ დღეში 610 თანამშრომლის დანიშვნასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს ფრაქციის სხდომაზე მერის მოადგილეს და ადმინისტრაციის უფროსს იბარებს. უარის შემთხვევაში, შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლოს მიმართოს.

„უნდა მობრძანდნენ და 610 ადამიანის დანიშვნა შრომითი ხელშეკრულებით, 1 დღის განმავლობაში, რას ემსახურებოდა, ამასთან დაკავშირებით, უამრავ კითხვას გასცენ პასუხი,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მარინა დათუკიშვილი.

პარალელურად, “ევროპული საქართველო“ ითხოვს მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საკრებულოს გაფართოებულ სხდომაზე განმარტონ გადაწყვეტილების მიზეზი.

„ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ზოგი ხელშეკრულებით გამოჰყავს, ზოგი ახალ თანამდებობაზე ინიშნება ისე, რომ არავის არ ეკითხება. ეს არის, რა თქმა უნდა, წინასააარჩევნო მისი პოზიცია,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის" თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

სისხლის სამართლის დანაშაულზე მიუთითებს თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი.

„თუ მისი წინამორბედისთვის არ შეიძლებოდა მსგავსი რამ და სისხლის სამართლებრივად აგო პასუხი, ნარმანიასთვის რატომ უნდა იყოს დასაშვები ეს ყველაფერი? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის უმძიმესი დანაშაული და ამისთვის არა მარტო საკრებულოში უდნა მოვიდეს ნარმანია, არამედ, მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოუწევს მას სამართალდამცავ სტრუქტურებში სიარული,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები