"თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" ერთობლივი სოციალური, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეკლამა დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიიტანეს.
რამდენიმე კვირის წინ ბლოკმა „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჩივარი შეიტანეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებს ატარებდა. საჩივარზე, ეთერიდან რეკლამის ამოღებასთან დაკავშირებით, კომისიაში პოლიტიკოსებმა უარი მიიღეს.
ამის შემდეგ, მათ პოლიტიკური ბლოკის სოციალური რეკლამა თავად მოამზადეს და 2 დღეში მიიღებენ პასუხს, გაუშვებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი მას ეთერში.
უარის შემთხვევაში, ისინი სამართლებრივ დავას განაგრძობენ.
„რეკლამა ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიმდინარე რეფორმას, საპარალამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას და როგორ არის მოწყობილი საპარლამენტო რესპუბლიკები ევროპაში, ამაზეა საუბარი რეკლამაში, როგორც წინა რეკლამაში იყო საუბარი, რომელიც განსახილველად იყო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და მან ჩათვალა, რომ ის აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის სტანდარტებს,“ - განაცხადა "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.
"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათ მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიტანილი რეკლამა ეთერში უნდა გავიდეს, რადგან ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კომისიამ მათ მისწერა და მისი თქმით, ამავე კრიტერიუმებს აკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სოციალური რეკლამა, რომელიც ეთერში უკვე გადის.
„ეს იქნება ნიშანი, რამდენად დამოუკიდებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი და რამდენად იცავს სტანდარტს, რომელზეც გვესაუბრებოდნენ მარეგულირებელ კომისიაში და საზოგადოებრივ მაუწყებელში,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.