თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საქმეში მის წვლილზე ისაუბრა. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი იყო.
“ჩვენ აგვისტოს თვეში კიდევ 7 ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს ოფიციალურად ვგეგმავთ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას. ასე რომ, ის მასშტაბები და ის დინამიკა, რაც გვაქვს მოცემულ ეტაპზე, მიიღებს კიდევ უფრო მაშტაბურ სახეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
გენერალ-ლეიტენანტის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის ფრედერიკ ბენ ჰოჯესის თქმით, სწავლებაში მონაწილე ტექნიკის მარშირება არის ამერიკის მხარდაჭერის ძალიან ნათელი დემონსტრირება.
„ვისაუბრეთ ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე. მეამაყება, რომ ჩვენი ვიცე პრეზიდენტი აქ იმყოფებოდა. მისი ვიზიტიდან ძალიან პოზიტიური ენერგია იგრძნობოდა. ჩვენი ვიცე პრეზიდენტისა და „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილე ამერიკელი სამხედროების ვიზიტი, სწავლებაში მონაწილე ტექნიკის მარშირება ფოთიდან ვაზიანისკენ, არის ამერიკის მხარდაჭერის ძალიან ნათელი დემონსტრირება" - აღნიშნა ჰოჯესმა.