ტრანსგენდერი ქალის მტკიცებით, მამაკაცი, რომელიც მას მოულოდნელად თავს დაესხა, ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო. თავდასხმა გამთენიისას თამარ მეფის გამზირზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის ერთ-ერთი ბარიდან გამოვიდა. უცნობმა მამაკაცმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სანდრა ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით მამაკაცს რამდენჯერმე თავადაც დაარტყა, რის შემდეგაც თავდამსხმელმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველების მისვლამდე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
”კურიერის" ინფორმაციით, პოლიციას მოძალადე მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია. ტრანსგენდერი ქალი კი სხეულის დაზიანებებით სამედიცინო ექსპერტიზაზე დღეს დილით გადაიყვანეს. დაზარალებული დარწმუნებულია, რომ თავდასხმა მასზე მისი იდენტობის გამო მოხდა. ტრანსგენდერი ქალი მღებრიშვილის უწყებას საქმის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას სთხოვს. დაზარალებული სამართალდამცველებისგან ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებით დაინტერესებასაც ითხოვს.
ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმა ვაგზლის მოედანზე იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე სათვალთვალო კამერაა.
თავდასხმის ფაქტს ვაგზლის მოედანზე არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ისინი ადასტურებენ, რომ თავდამსხმელი თავად ამბობდა, რომ ის ძალოვანი უწყების თანამშრომელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ თავმდამსხმელის ვინაობა დადგენილია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.