40 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს ნარკოპოლიტიკის თემაზე საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს. დეპუტატებს ამის შესახებ საშემოდგომო სესიაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, არასამთავრობო სექტორი ფიქრობს, რომ სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
არასამთავრობოების პლატფორმა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, დოზების სამართლიანად განსაზღვრას და არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას უჭერს მხარს.
თეთრი ხმაურის წევრებს მიაჩნიათ, რომ GEM Fest-ზე მომხდარი ინტოქსიკაციის შემთხვევები მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულების გამკაცრებისა და რეპრესიების გაძლიერების საფუძველი არ უნდა გახდეს.
ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელსაც GEM Fest-ზე მომხდარი შემთხვევები უკავშირდება, განმარტებებს ნარკოლოგები აკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნივთიერება ჯი-ეიჩ-ბი (GHB), რომელიც ნარკოტიკული თრობისთვის გამოიყენება, საქართველოში რამდენიმე თვეა, გამოჩნდა.
სპეციალისტების განმარტებით, ეს ნივთიერება ძლიერი ნარკოტიკების ჯგუფს არ მიეკუთვნება, თუმცა სხვა ნივთიერებებთან მიღების, ან დოზის გადამეტების შემთხვევას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ემხრობიან ინიციატივას რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე.
მმართველ პარტიაში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ რიგგარეშე სხდომის დასანიშნად მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა საკმარისი არ იქნება.
40 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, მოითხოვს, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის მოქალაქეების ციხეში გაშვება აღარ მოხდეს.