თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს ელოდებიან, რომელმაც სამშობლოში ქართველი ჯარისკაცის, მდინარ ბებიაშვილის ცხედარი უნდა ჩამოასვენოს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი 2 დღის წინ, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარედ განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა. თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე კოალიციის სამხედრო კოლონა გახდა, შედეგად ბებიაშვილი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 ქართველი სამხედრო კი დაშავდა.
მდინარ ბებიაშვილის თბილისში ჩამოსვენების ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გენერალური შტაბის შემადგენლობა, მათი ამერიკელი კოლეგები და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
აეროპორტში იგეგმება ასევე საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის მისვლა.
„ამ წუთებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენი დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ჩამოსვენებისათვის. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობა ადგილზეა, ასევე არიან ჩვენი ამერიკელი სტუმრები, ასევე არიან თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ასევე ველოდებით მთავრობიდან მაღალჩინოსნებს,“ - განაცხადა გენერალური შტაბის საზოგადოებრივ საქმეთა უფროსმა ოფიცერმა, ემზარ სვანიძემ.
მდინარ ბებიაშვილი ავღანეთში მესამე სამხედრო მისიით იმყოფებოდა, გარდაცვლილს დღესვე მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.