„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ლევან მურუსიძეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილმა აუდიტის სამსახურში შესაბამისი განცხადება შეიტანა და უწყებას იუსტიციის საბჭოს ფინანსური ხარჯების შესწავლა ურჩია. საუბარია 150 000 ლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, ლევან მურუსიძემ ყოველგვარი საჭიროების გარეშე გახარჯა.
„2017 წლის 22 მაისს, ლევან მურუსიძემ ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა 45 ათას 500 ლარად ღირებული ავტომობილი, Hyundai Tucson-ის ჯიპი, მაშინ როდესაც მას ერთი წლის წინ ასევე განხორციელებული ჰქონდა 100 ათასი ლარის ღირებულებით 2 ავტომობილის შეძენა. გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომ ეს თანხები მიმართულია კომფორტისთვის და პირადი მიზნებისთვის და არა გადაუდებელი აუცილებლობისთვის და საჭიროებისთვის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტია აუდიტის სამსახურს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს და წერილით მიმართავს.