18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ხაშურის საავადმყოფოს თანამშრომლების გაფიცვა - ისინი დავალიანების დაფარვას ითხოვენ

დღეს დილიდან გაფიცულები იყვნენ ხაშურის საავადმყოფოს თანამშრომლები. სამედიცინო პერსონალი გაფიცვის მიზეზად ხელფასების გაუცემლობას ასახელებს. რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მედპერსონალი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა.

ისინი გამაფრთხილებელ აქციაზე ოთხი თვის სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვას ითხოვდნენ. მათ ასევე ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.  „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „ალიანს მედ სერვისი“, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობა აბარია, ხაშურში მიემართება. თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, როდიდან დაიწყება დავალიანების დაფარვის პროცესი.

გაფიცული თანამშრომლების განცხადებით, მათ მეოთხე თვეა ხელფასები არ აუღიათ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ 11 სექტემბრიდან საავადმყოფოს მართვაში შედის ახალი კომპანია "ევექსი" და მათი თქმით, თუ მოქმედი მენეჯმენტი დავალიანებას არ დაფარავს, ისინი სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

დღის ამბები