NBA-ს ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დღეიდან ღირსების ორდენოსანია. ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის რიგით პირველ ქართველ ჩემპიონს ღირსების ორდენი რანგით პირველმა ქართველმა გულშემატკივარმა გადასცა.
დაჯილდოების ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი, კალათბურთში და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შეტანილი წვლილისთვის გადასცა.
„ზაზა არის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ წარმატების მაგალითია, არამედ მაგალითია მოქალაქეობის. ადამიანი, რომელიც თავის სამშობლოს, თავის საზოგადოებას არასდროს არ ივიწყებს. ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ წარმატებას, შენს საზოგადოებას უზიარებ და უბრუნებ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
NBA-ს ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ პრეზიდენტს გადაცემული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა.
„ვეცდები, რომ ეს ღირსების ორდენი ვატარო ღირსეულად,“ - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.
დაჯილდოების ღონისძიებას პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ესწრებოდა.
ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.