დღეს საქართველო აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს და მათ ხსოვნას მიაგებს პატივს. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დღეს დილიდან მივიდნენ პოლიტიკოსები, დაღუპული მეომრების თანამებრძოლები და მათი ახლობლები.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დღეს კიდევ ერთხელ იხსენებდნენ 9 წლის წინანდელ მოვლენებს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს.
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს უმაღლესმა მთავარსარდალმა, პატივი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მიაგო. პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებსაც გაესაუბრა.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე ისაუბრა დღეს პრემიერმინისტრმა მუხათგვერდში. გიორგი კვირიკაშვილი ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ოფიციალური პირებიდან პირველი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა. ირაკლი კობახიძე ძმათა სასაფლაოზე უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, დედაქალაქის ქუჩებს ქართველ გმირთა სახელები მიენიჭოს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო დილიდან გვირგვინებით შეამკეს დაღუპული სამხედროების თანამებრძოლებმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლობამ.
სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე ჯარისკაცებმაც.
5 დღიანი ომის შემდეგ საქართველოს 170 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 14 სამართალდამცველი და 228 სამოქალაქო პირი.