„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თბილისის ზღვის მიმდებარედ სასტუმრო „ქართლში“ აფხაზეთიდან დევნილ 78 წლის ნუნუ ციმინტიას ესტუმრა და მისი პრობლემები პირადად მოისმინა.
შენობა, სადაც ასაკოვანი ქალბატონი უკვე წლებია ცხოვრობს, ავარიულია, რის გამოც აფხაზეთიდან დევნილი ციმინტია ალტერნატიულ ფართს ითხოვს. 78 წლის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უკვე ორ წელზე მეტია სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.
„დევნილები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან რუსეთის აგრესიის, რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი. ეს ადამიანები დღემდე ატარებენ ამ ტვირთს და სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ ადამიანების მიმართ, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და მორალური,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.