ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. რეისები მხოლოდ 15 წუთის დაგვიანებით სრულდება. აეროპორტის ადმინისტრაცია პრობლემის სრულად მოგვარებას დაახლოებით ერთ საათში ვარაუდობს.
ელექტრონული პროგრამის გათიშვის გამო, ავიარეისები შეფერხებით 2 საათიანი დაგვიანებით სრულდებოდა. ავიაკომპანიებს მგზავრების რეგისტრაციაში გატარება და ბარგის აღრიცხვა ხელით უწევდათ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ასევე, ქვეყნის რამდენიმე წერტილში მგზავრთა რეგისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემას ”ტავ ჯორჯიაში” ხსნიან. მათი განცხადებით, მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემა „სიტას“ ჰქონდა შეფერხება.
”ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარიაძე აცხადებს, რომ პრობლემა ლოკალური არ ყოფილა და შეფერხება საქართველოს მასშტაბით თბილისის ხაზს ჰქონდა და სისტემური გათიშვა გუშინ მოულოდნელად მოხდა.
„ეს არ იყო აეროპორტში ლოკალური პრობლემა, ეს იყო საქართველოში, თბილისის ხაზს ჰქონდა ასე ვთქვათ, შემომავალი პრობლემა. ეს იგივეა, რაც ინტერნეტი რომ გაითიშოს მარტივად რომ აგიხსნათ. დაგვიანება იყო მაქსიმალური გუშინ საათი და 20 წუთი სისტემური შეფერხების გამო და 7 ავიაკომპანიას შეექმნა ეს სისტემური შეფერხება. სისტემური გათიშვა მოხდა გუშინ მოულოდნელად. ძალიან ვწუხვარ, თუ მგზავრებს ამის გამო შეფერხება ჰქონდათ თუნდაც ტრანზიტზე, ტრანსფერზე, საითაც მიემგზავრებოდნენ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ხელით გაკეთებულიყო ეს რეგისტრაცია,“ - განაცხადა თეა ზაქარიაძემ.