18 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
ღვთისმშობლის კვართი ისევ დაპირისპირების მიზეზია - შესაძლოა, სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევა გახდეს საჭირო

ზუგდიდის ეპარქიაში დაცული ღვთისმშობლის კვართი ისევ დაპირისპირების მიზეზია. ორი ეპარქია ერთი სიწმინდისათვის იბრძვის. ფოთის და ხობის მიტროპოლიტს კვართის 1 დღით მარიამობის დღესასწაულისთვის ხობის ტაძარში გადატანა სურს, რასაც ზუგდიდის სულიერი წინამძღვარი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მეუფე გერასიმეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დღეს აღარ სურს, ის პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდება.

ღვთისმშობლის კვართის ხობში გადატანის სურვილით ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა სინოდს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. თემა სამეგრელოში მრევლის აღშფოთების მიზეზი გახდა. ადგილობრივი ეპარქიის რეზიდენციაში მეუფე გერასიმემ საგანგებო შეხვედრაც მოიწვია. მრევლსა და მღვდელმთავრებს შორის შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. 

ამ საკითხზე ორ ეპარქიას შორის დაპირისპირება იმდენად მწვავდება, რომ შესაძლოა, სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევა გახდეს საჭირო.

საპატრიარქოში ჯერ არ ჩამოყალიბებულან, თუმცა საკუთარი მკაცრი პოზიცია უკვე აქვთ ზუგდიდელებს. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ღვთისმშობლის შესამოსელის ზუგდიდიდან გადატანას ქალაქში უკონტროლო პროცესები და მრევლს შორის დაპირისპირებაც მოყვეს.

ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან გატანის თემა მღელვარების მიზეზი არაერთხელ გამხდარა.

 

 

 

ავტორი: ემა გოგოხია

დღის ამბები