18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
სოციალურ ქსელში "ერასმუსის" გაცვლითი პროგრამის ყალბი გვერდის მსხვერპლი არაერთი სტუდენტი გახდა

სოციალურ ქსელში ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ყალბი გვერდის მსხვერპლი არაერთი სტუდენტი გახდა. Facebook მომხმარებელი სახელწოდებით ერასმუსის გაცვლითი სტუდენტური პროგრამები ახალგაზრდებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, საბანკო რეკვიზიტებს და საკონტაქტო ინფორმაციას სთხოვდა. სანაცვლოდ კი ევროპის ქვეყნების საზაფხულო სკოლებში უფასოდ დასვენებას სთავაზობდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების საფრთხეზე საუბრობს და მოტყუებულ ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას ურჩევს.

ერასმუსის პროგრამის ერთ-ერთი ოფიციალური წარმომადგენელი, ლიკა ღლონტი, თაღლითურ სქემაზე საუბრობს. მან Facebook-ის ყალბი გვერდის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სტუდენტებმა საზღვარგარეთ გამგზავრებაზე დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვეს.

სოციალურ ქსელში ერასმუსის ყალბი გვერდი ამ დრომდე მოქმედია, ხოლო მისი შემქმნელი - უცნობი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყეს.

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები