18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა - ქეთევან ციხელაშვილი ახალ მავთულხლართებზე

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის სამეგრელოში გადმოწევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კრემლი რეგულარულ პროვოკაციებს განაგრძობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, არ დასრულებულა.

„ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, რეგულარული პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართებისა და ბანერების აღმართვა და მცდელობა, რომ დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორიები, უკანონო დაკავებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა. ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, ძალიან მტკიცედ, ვიდრე ჩვენი მთავარი ამოცანა - ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება არ იქნება მიღწეული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პასუხი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, კონფლიქტის მოგვარების კუთხით, არაადეკვატურია.

„ეს არაადეკვატურობა გამოიხატება, სამწუხაროდ, ისეთ ქცევაში, რომელიც სცილდება საერთაშორისო ნორმებს. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან სერიოზული მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობიანი გზით მოახდინოს დეოკუპაცია,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები