შინდისის ბრძოლიდან 9 წელი გავიდა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი. ადგილზე, სადაც 17 ქართველი გმირულად დაიღუპა, დილიდან იკრიბებიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და ადგილობრივები, რომელებიც 2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებენ.
ასევე ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მეუფემ 17 გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა. თავდაცვის მინისტრმა 17 ქართველი სამხედროს გმირობის ისტრორია გაიხსენა.
“შინდისის გმირებმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში, გვიჩვენეს თუ რა არის ქართველი კაცის უმთავრესი მისია, იდგეს ეროვნული ღირსების სადარაჯოზე, შეუდრეკლად. ჩვენ ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე და ჩვენ მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ ეს დიდი ისტორია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა ბრიგადის გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
“ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველები იყვნენ აღჭურვილი მსუბუქი შეიარაღებით, მაშინ როდესაც რუსული შეიარაღება იყო ჯავშან ტექნიკა და ჯავშან ტრანსპორტიორები. ამ ბრძოლაში დაიღუპა 17 ვაჟკაცი და ამ სიკვდილით მათ მაგალითი ანახეს საქართველოს მოსახლეობას, რუსებს და მთელ მსოფლიოს თუ რა თავდადებული და ვაჟკაცი სამხედროები ყავს ჩვენ საქართველოს,“ - აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.