18 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
მგლების შემოსევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობას საქონელი დახოცილი ხვდება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში მგლები მომრავლდნენ. ადგილობრივებს საქონელი ყოველ დღე დახოცილი ხვდება. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და მტაცებლის ლიკვიდაციის უფლებას ითხოვს.

დღეს ადგილობრივებსა და ბაღდათის რაიონის გამგებლის წარმომადგენელს შორის შეკამათებაც მოხდა. 

ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მგლების ლიკვიდაციის უფლება მისცენ, რადგან, მათი თქმით, მტაცებელი სახლებთანაც მიდიან. ისინი აცხადებენ, რომ გარეთ გამოსვლის ეშინიათ.

გამგებლის წარმომადგენლის, რაინდი ყიფიანის, განცხადებით, მონადირეები გასულები იყვნენ, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, მგლები გუშინაც გამოვიდნენ სოფელში და საქონელი დახოცილი დახვდათ.

გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მათ ხელშეკრულება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან აქვთ გაფორმებული, რომელმაც უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. სამინისტროს განმარტებით, ადგილობრივებს კანონმდებლობა იმ შემთხვევაში აძლევს მტაცებლის მოკვლის უფლებას, როდესაც ის თავს ესხმის მოსახლეობას და საფრთხე მათ სიცოცხლეს ან ქონებას ემუქრება. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მოსახლეობას უფლება აქვს, რომ მუნიციპალიტეტს მიმართოს, რათა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან მტაცებლის მოკვლის ნებართვა მიიღოს.

 

დღის ამბები