რუსეთი მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართები უკვე სამეგრელოში რამდენიმე სოფელთან გაავლეს.
მათ სოფელ ხურჩასთან კიდევ 2 ჰექტარი ქართული მიწა გაიტაცეს. ადგილზე რუსი ჯარისკაცები 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. 200 მეტრით გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი წალენჯიხის რაიონში.
ამასთანავე, დაძაბულია სიტუაცია სოფელ ტყაიას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გაიტაცეს.
ამავდროულად, პრობლემა ექმნებათ გალის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს, რადგან ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელი ტერიტორია ჩაკეტეს და მოზარდები ბაღსა თუ სკოლაში ვერ ივლიან.
მავთულხლართების გადმოწევის საკითხი დღეს საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში დააყენა. გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდის ძალისხმევა და რუსეთისადმი მიდგომა კრემლი პოლიტიკას კიდევ უფრო აგრესიულსა და თამამს ხდის. მათი თქმით, ქართული ოცნება უმოქმედოა.
ავტორი: ემა გოგოხია