მოსკოვის ქართული ეკლესიის ეზოში მდებარე ქართული რესტორანი დიდი დაპირისპირების მიზეზი ხდება. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის კონფლიქტზე უკვე რუსული პრესა წერს.
ეკლესიის ეზოში მდებარე საცხობი ჯერ კაფედ, შემდეგ კი რესტორნად გადააკეთეს. მრევლი წუხს, რომ იქ, სადაც ლოცულობენ და აღსარებას აბარებენ, საქეიფო სიმღერების ხმა ისმის, ასევე მწვადის და ხინკლის სუნი დგას.
წმინდა გიორგის სახელობის მოსკოვის ტაძარი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში შედის და ეკლესიის შენობაც მისი საკუთრებაა. რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის შეთანხმების თანახმად კი, ტაძარში ქართული ეკლესიის სასულიერო პირი, მამა მირიანი მსახურობს.
ის მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით გააგზავნეს. რუსეთშიც და საქართველოშიც კარგად იციან, რომ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში დაპირისპირებაა, თუმცა წლებია, ამ პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.
რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ საქართველოს საპატრიარქოშიც იმსჯელეს. დელეგაცია მოსკოვიდან ილია მეორესთან შესახვედრად სპეციალურად ჩამოვიდა.
ვიდრე მოსკოვის წმინდა გიორგის ტაძარში თბილისიდან მამა მირიანს მიავლენდნენ, მამა ვახტანგ ლიპარტელიანი მსახურობდა, რომელიც პატრიარქმა თბილისში გადმოიყვანა და ნიკორწმინდის მიტროპოლიტად აკურთხა.
ადგილობრივი მრევლის გადმოცემით, პრობლემები წმინდა გიორგის ქართულ ტაძარში სწორედ მეუფე ვახტანგის დროს დაიწყო. რესტორანიც, რომელიც ტაძრის უმთავრეს პრობლემად ითვლება, სწორედ მაშინ გაიხსნა.
ეკლესიისა და რესტორნის ერთ სივრცეში თანაარსებობა მიუღებლად მიაჩნიათ რეგლიგიათმცოდნეებს. არსებობს ვერსია, რომ ტაძრის მიმდებარედ შენობა ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელს, მიხეილ ხუბუტიას, ეკუთვნის და ინტერესებიც გააჩნია. ნარსია არ გამორიცხავს, პრობლემის სათავე შესაძლოა, გავლენების გადანაწილება იყოს.
მოსკოვში ქართველთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია, წმინდა გიორგის ტაძარში არსებულ დაპირისპირებაზე არ საუბრობს.