ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, ხარჯები ოპოზიციამ დათვალა, რამაც კითხვები არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გაუჩინა.
ცესკოდან ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივლინებებში ხშირად იმყოფება და დანახარჯებიც სოლიდურია. 71 000 ლარი 2014 წლიდან დღემდე - ეს თამარ ჟვანიას მიერ მხოლოდ მივლინებებში დახარჯული თანხის ოდენობა. დოკუმენტაციაში მითითებულია ღონისძიებები, რომელშიც თამარ ჟვანია საზღვარგარეთ მონაწილეობდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც ცესკოს ხარჯები შეისწავლა ამბობს, რომ ყველა ის მივლინება, სადაც ცესკოს თავმჯდომარე მიწვევით იმყოფებოდა, ბიუჯეტს ათჯერ ნაკლები დაუჯდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მგზავრობასა და სასტუმროში განთავსებას მასპინძელი აფინანსებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბრალდებებს დღეს წერილობით უპასუხა.
ცესკო საკითხს პოლიტიკურ მანიპულირებად აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების წინ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება.
გარდა ამისა, როგორც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რამდენიმე თვის წინ უწყებამ ტოიოტას მარკის ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 73 000 ლარი დაიხარჯა.
საბიუჯეტო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარისგან განმარტებებს ითხოვს ევროპული საქართველოც.
მმართველ გუნდს თამარ ჟვანიას მიერ ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით კითხვები არა აქვს.