18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
მეწყერი რაჭაში - სამი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია

რაჭაში დღეს დილით მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, სამი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ლიხეთის თემის გზა ამ წუთებში ჩაკეტილია. ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამ წუთებში არ მუშაობს. მათი განმარტებით, მთიდან ქვა-ღორღი ცვივა და ტრაქტორი ამ ეტაპზე მიახლოებას ვერ ახერხებს. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს ადგილობრივმა მიაწოდა. 

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მთის კიდევ უფრო ჩამოშლის საშიშროების გამო შეჩერებულია. უწყების ინფორმაციით, გეოლოგები იმყოფებიან ადგილზე და მათი რეკომენდაციით, ტექნიკამ მუშაობა შეწყვიტა.

თვითმხილველების განცხადებით, ტექნიკას ქუთაისიდან ელოდებიან. ადგილობრივების განცხადებით, ერთი ადამიანი ცუდად გახდა და ჩაკეტილი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

ლიხეთის თემისკენ მიმავალ გზაზე საცობებია. 

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვა-ღორღი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ცვივა და მისი გაწმენდაც ეტაპობრივად მიმდინარეობს. უწყებაში განმარტავენ, რომ რთული რელიეფის გამო, დიდი რაოდენობით ტექნიკა ერთად ვერ იმუშავებს, თუმცა დამატებითი ტექნიკის მობილიზებაც ხდება.

დღის ამბები