აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირებიდან 25 წლის თავზე, ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა. გმირთა მოედანზე, დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგო ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა და მან მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ ქართველ ვაჟკაცებს, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის გაწირეს თავი და სწორედ ასეთ დღეებში, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ ქართველების და აფხაზების და ქართველების და ოსების მშვიდობიან და ერთად თანაცხოვრებას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო პარტნიორობისა და მეგობრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი სახელმწიფოს დაცვის ერთადერთი გამოსავალი არის ძალიან მტკიცე პოზიცია და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა და ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია რუსეთს ეპატიოს სახელმწიფოებრიობის ნგრევა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.