18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ხმაური და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი ხდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი ხდება. დღეიდან ამოქმედდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომლითაც ახალი ნორმები და ჯარიმების რაოდენობა დგინდება. 

სამართალდამცველები ხმაურს დეციბელებით, სპეციალური მოწყობილობების დახმარებით გაზომავენ.

„დღევანდელ დღეს ძალაში შევიდა მინისტრის 422-ე ბრძანება, რომელიც რეაგირების წესს განსაზღვრავს. უფლებამოსილი პირები ვართ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს თანამშრომლები. მივალთ, გავზომავთ, შესაბამისი წესების დაცვით, მაგრამ გაზომვასაც თავისი წესი აქვს, რათა ის რეალური შედეგი მივიღოთ და შევადაროთ შემდეგ ცხრილს,“ - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გრიგოლ შაბუშვილმა.

კაფეებისა და ბარების მფლობელები ფიქრობენ, რომ ტურისტულ ზონებში მსგავსი შეზღუდვის დაწესებამ შესაძლოა მათი ბიზნესი დააზარალოს.

„ყველაფერი უნდა დაალაგონ, 10 საათზე იქნება თუ 11-ზე, დაიწევა ხმა, რა თქმა უნდა. ეს კლიენტებს, რა თქმა უნდა, დამაკარგვინებს,“ - აცხადებს ერთ-ერთი ბარის მფლობელი.

ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ზედმეტად მკაცრი შეზღუდვების მიღება დაუშვებელია.

დღის ამბები