18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია გრძელდება - მოშიმშილეებთან შესახვედრად არავინ გასულა

რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან, ამ წუთებში სიმშვიდეა. პოლიციასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა მაინც დაიწყეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. ხმაური და დაპირისპირება, სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა აქციის მონაწილეები დეპარტამენტის შენობასთან შიმშილობის დაწყებას და კარვების დადგმას გეგმავდნენ.

მოშიმშილეებთან შესახვედრად რკინიგზის დეპარტამენტიდან ამ დრომდე არავინ გასულა.

გურჯაანის რკინიგზის თანამშრომლები მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებენ. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანეს, თუმცა მათი ტრანსპორტირების და ცხოვრების ხარჯებს დეპარტამენტი არ უზრუნველყოფს.

რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გაუგებარი და არალოგიკურია.

„გაუგებარია ის განცხადებები, რომელიც კეთდება რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან და არის გარკვეული შეკითხვები ამასთან დაკავშირებით. როგორც გავიგე, რკინიგზა სთავაზობს ამ ადამიანებს მარნეულში საცხოვრებელ ადგილს, ძალიან ბევრი შეკითხვაა ამ საქმესთან დაკავშირებით. გურჯაანიდან ეს ხალხი ყოველ დილით უნდა გამოცხადდნენ თბილისში და თბილისიდან უნდა წავიდნენ თავისი სამუშაოს შესრულების პროცესში მარნეულის მიმართულებით,“ - განაცხადა ვიტალი გიორგაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ბრალდებების ადრესატები. დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, მათ რეორგანიზაცია წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე დაიწყეს და რკინიგზის თანამშრომლებს სათანადო სამუშაო პირობები შეუქმნეს. მათ შორის საცხოვრებელი ადგილი და ტრანსპორტირება. 

„ჩვენდა გასაკვირად და სამწუხაროდ რკინიგზაში თუ რკინიგზის გარეთ აღმოჩდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ დისონანსი და პრობლემები შექმნან რკინიგზის საქმიანობაში. თუ ისინი შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას, რკინიგზა მოხარულია გააგრძელოს მათთან შრომითი ურთიერთობა,“ - აცხადებს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა კლარჯეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები