ევროკავშირის დამკვირვებლები უკვე 108 თვეა, აღწერენ რუსული მცოცავი ოკუპაციის ქრონოლოგიას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სოფელ წითელუბანს, რომელიც რუსულმა მცოცავმა ოკუპაციამ დააზარალა, ყოველდღე სტუმრობენ.
მიჰაელა გჰერასიმი ამბობს, რომ მონიტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია დაზარალებულ სოფელზე.
მცოცავი ოკუპაცია, გატაცებული ადამიანები, გადმოწეული მავთულხლართები - ევროკავშირის მონიტორებმა ეს ყველაფერი უნდა აღრიცხონ, შემდეგ მოხსენება დაწერონ და ევროკავშირში გადააგზავნონ. მათი ინფორმაციის წყაროა ყველა - ადგილობრივები და პოლიციელები.
ევროკავშირის დამკვირვებლები ომის შედეგებს იკვლევენ და ადგილობრივების პრობლემებს სწავლობენ. ხალხისთვის აქ მთავარი გაჭირვება, სასმელი წყალი და სათანადო სამედიცინო მომსახურების არქონაა.
სოფელ წითელუბანის მთავარი პრობლემა უცვლელი რჩება - მცოცავი ოკუპაცია.
მინდვრები ოკუპირებულია. ის, ვინც საქონელი არ გაყიდა, იძულებულია, ერთადერთი ძროხა ბოსტანში აძოვოს. თუ პირუტყვს საძოვარზე გაუშვებენ, დიდი ალბათობით, ისინიც რუსი ოკუპანტების სამიზნეები გახდებიან.