მთაწმინდაზე, სამთავრობო კვარტალში, კახა ძნელაძის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ მისი მეზობელი, 35 წლის მიხეილ იაშვილი, დააკავა.
49 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ქალაქის ცენტრში ჩაცხრილეს. გარდაცვლილს 5-მდე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, კახა ძნელაძეს შეიარაღებულმა პირმა იმ დროს ესროლა, როდესაც ჭონქაძის ქუჩაზე სკვერიდან გამოდიოდა.
ერთ-ერთი ვერსიით, იაშვილმა მკვლელობის შემდეგ ჭონქაძის ქუჩა მოპედით დატოვა, ნიაღვრის ქუჩის მიმართულებით ჩავიდა მკვლელობის იარაღი 47-ე სკოლის ტერიტორიაზე გადააგდო. პოლიციამ ის დღეს იპოვა. სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლიდან ნივთმტკიცების სახით, მოპედიც ამოიღეს.
მკვლელობის მოტივად შინაგან საქმეთა სამინისტრო შურისძიებას ასახელებს, თუმცა უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
კურიერის ინფორმაციით კი, მოკლულსა და ბრალდებულს შორის უთანხმოება ტაქსების ბიზნესის გამო მოხდა. გავრცელებული ცნობით, იაშვილი ფუნიკულიორის მიმდებარედ ტაქსის მძღოლებს თანხას სისტემატიურად სძალავდა, რასაც მისივე თანაუბნელის, კახა ძნელაძის, გაღიზიანება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დეტალებზე მოკლულის მამას ინფორმაცია არა აქვს. მკვლელობის მოტივზე ვერც გარდაცვლილის მეგობრები საუბრობენ.
კურიერის ინფორმაციით, ტაქსის რამდენიმე მძღოლმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.
მოკლულსა და დაკავებულს შორის მომხდარ დაპირპისპირებას იაშვილის ადვოკატი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მიხეილ იაშვილი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პროტესტის ნიშნად წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათია, შიმშილობს. დაცვის მხარე სამართალდამცველებს დაკავების დროს ძალის გადამეტებაშიც ადანაშაულებს.
მკვლელობასთან შვილის კავშირს გამორიცხავს დაკავებულის დედაც და აცხადებს, რომ სროლის დროს მიხეილ იაშვილი სახლში იმყოფებოდა.
გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას-შენახვას ედავება.