18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ელიავას ბაზრობის ნაცვლად დასასვენებელი პარკი შესაძლოა, ვეღარ გაშენდეს

ელიავას ბაზრობის ნაცვლად დასასვენებელი პარკი შესაძლოა, ვეღარ გაშენდეს. ტერიტორიის მფლობელების დაკვეთით, კომპანია მულტიტესტმა მოამზადა დასკვნა, სადაც წერია, რომ ნიადაგი სამშენებლო ნაგვით არის სავსე და იქ მწვანე ნარგავების გაშენება შეუძლებელია. 

ლაბორატორიული დასკვნის სიზუსტეში ეჭვი შეაქვს დავით ნარმანიას. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ კვლევა მერიის დაკვეთით არ ჩატარებულა და მისთვის არც შედეგებია ცნობილი.

დავით ნარმანიამ ეჭვქვეშ იმ ლაბორატორიის კომპეტენცია დააყენა, რომელსაც კვლევებს ხშირად მერია და სხვა სახელმწიფო უწყებებიც უკვეთავენ. მულტიტესტი საქართველოში 2004 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ლიცენზიით მუშაობს. ლაბორატორიის დირექტორისთვის მიუღებელია ნარმანიას უნდობლობა.

მულტიტესტს ნიადაგის კვლევა ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ დაუკვეთა. შპს სავაჭრო ცენტრ დიდუბის დირექტორი კვლევას მუნიციპალიტეტში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადააგზავნის, თუ მერია ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებას ისევ მოინდომებს.

ლაბორატორიული დასკვნის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ არც თბილისის განაშენიანების ახალი გენერალური გეგმის ავტორებს.

ე.წ. ელიავას ბაზრობის მოწყობასთან დაკავშირებით მერიასა და ტერიტორიის მეწილეებს შორის დიალოგი დაწყებულია. რა კონკრეტული შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები, უცნობია.

დღის ამბები