ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ხალხის გაძარცვაში ადანაშაულებენ. "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდა სრულიად დაუშვებელია. ამ პროცესებში ის ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.
„ხელისუფლებამ დაიწყო მორიგი მძარცველური პროცესი, რომელიც ითვალისწინებს დენის კვლავ გაზრდას, რომელიც არანაირად არ არის დასაბუთებული და ეს კანტორა, რომელიც ასრულებს ივანიშვილ-კალაძის მაფიოზური ენერგეტიკული კლანის დავალებებს, მზად არის კვლავ გაუძვიროს მოსახლეობას ელექტროენერგია იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ განხილვაშია ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ტარიფების გაუქმებას,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ხალხს უმტკიცებდა, რომ ელექტროენერგია ბევრად იაფი ღირს, ხოლო დღეს მას თავად აძვირებს.
„დღეს, როგორც ჩანს, 17 თეთრშიც ვეღარ ეტევიან, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქაც დავაყენებთ საკითხს და ჩვენი ძალებითაც ჩავატარებთ დამოუკიდებელ აუდიტს, რადგან ელექტროენერგიის ღირებულება იმდენი კი არ უნდა იყოს, რაც ან ხელისუფლებას, ოპოზიციას ან ხალხს უნდა, უნდა იყოს იმდენი, რაც არის მისი რეალური თვითღირებულება,“ - განაცხადა კახა კუკავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სავალალო შედეგამდე მიიყვანს მოსახლეობას.
„მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული - ტარიფების განახევრების ნაცვლად, ხელთ შერჩათ ის, რომ მათ მოუწევთ სამწუხაროდ, მეტის გადახდა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეიდან სემეკს 150 დღიანი ვადა ექნება, რათა ახალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადოს.