„Gem-Fest”-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. სიგუა დაკითხვაზე ადვოკატ გიორგი ყავლაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ის 4 საათიანი დაკითხვის შემდეგ შესვენებაზე გამოვიდა. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთ საათში დაბრუნდება.
„Gem-Fest”-ის ორგანიზატორის თქმით, საგამოძიებო სამსახურს ფესტივალის ყველა დოკუმენტაცია გადაეცა.
როგორც დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი სიგუამ განაცხადა, სამართალდამცველები მუსიკალური ფესტივალის ფინანსური საკითხით დაინტერესდნენ. კითხვები ეხებოდა ბიუჯეტიდან გამოყოფილ მილიონ 900 ათასი ლარის ხარჯვის საკითხს.
„მე დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც ეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას. მათ შორის იმაზეც თუ სახელმწიფო თანხები, რომელიც იყო დახარჯული, რა, სად, რამდენი და გავეცი პასუხი, რომ ამ თანხებზე ჩვენ წვდომა არ გვქონია და არ მიგვიღია არასოდეს ეს სახელმწიფოს თანხები. ვინ ვის გაუფორმა ხელშეკრულება, ვინ როგორ შეარჩია არტისტი, ანუ ყველაფერი ის, რაც დაკავშირებული არის ფესტივალის ორგანიზებასთან. ეს არ დასრულებულა, კიდევ ბევრი კითხვა ექნებათ,“-განაცხადა გიორგი სიგუამ.
საქმე აღძრულია ქონების დაზიანების მუხლით, სიგუას განმარტებით ეს კვალიფიკაცია შესაძლოა ვინმეს ფინანსური ინტერესების დაზიანებას გულისხმობდეს.
„იმის მიუხედავად, რომ თვითონ გამოძიებას გიორგისთან დასმულ კითხვებთან მიმართებაში მუხლის შინაარსი არ გაუჟღერებია, ჩვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს 185-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ პირდაპირ ხელშესახებ მატერიალურ ქონებაზე მუხლი, ეს შესაძლებელია იყოს რაიმე ქონებრივ უფლებაზე. შესაძლოა, რომელიმე პირს გააჩნია ქონებრივი უფლება და ვერ მიიღო,“ - განმარტა გიორგი სიგუას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვასა და შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მოკვლევა დაიწყო.