GEM Fest-ის ორგანიზატორ გიორგი სიგუას სამართალდამცველები დღეს 11 საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც სიგუას ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი, აცხადებს, სისიხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტულად რა ქონებაზეა საუბარი, ადვოკატისთვის უცნობია.
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური GEM Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური დარღვევით რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა. ერთთვიანი ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია არტ-პლათფორმიდან უკვე ამოღებულია სრული ფინანსური დოკუმენტაცია და დაკითხეს 15-მდე თანამშრომელი. ყველა მათგანი მოწმეს სახით დაკითხეს და ჯერჯერობით უცნობია, დაიწყება თუ არა ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიასა და განმუხურში არტ-პლათფორმასგან თანამშრომლები დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამასთან ერთად, სხვადასხვა ობიექტის მეპატრონეებისა და უცხოელი პარტნიორებისთვის ფესტივალის ორგანიზატორებს, დაახლოებით, 400 ათასი ევრო აქვთ გადასახდელი.
GEM Fest-ისთვის ბიუჯეტიდან Black Sea Arena-მ 1 900 000 ლარი, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მხოლოდ მუსიკოსების ჰონორარებისთვის მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი თანხების მიზნობრიობით მუდმივად ინტერესდებიან, ინფორმაციის მიღება მათთვის გართულებულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოში ამბობენ, რომ კულტურის სამინისტროდან სხვადასხვა დოკუმენტს ამ დრომდე ელიან. შესაბამისად, მათთვის ამ უწყებაში თანხის როგორც ხარჯვის, ისე მიზნობრიობის საკითხი, ბუნდოვანი რჩება.