18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ იაშვილი, სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ იაშვილი, ცოტა ხნის წინ საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე სასამართლო სხდომაზე მივიდა და ბრალდებულთან მიახლოებას ცდილობდა, რის საშუალებას მას სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც. მან ბრალდებულის ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.   მოკლულის მეუღლე სხდომაზე ოფიციალურად არ არის დაბარებული, შესაბამისად ის პროცესზე არ შეუშვეს.

დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ გარდაცვლილის ცოლი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის დღეს სწორედ მან ამოიცნო მიხეილ იაშვილი. მისი მტკიცებით, მკვლელობას უშუალოდ შეესწრო.

„ჩემი ქმარი იმიტომ კი არ ეჩხუბა და სცემა ეგ, რომ ბიზნესი ვერ გაიყვეს, იმიტომ ეჩხუბა, რომ ეგ ფულს ართმევდა ტაქსისტებს,“ - აღნიშნა გარდაცვლილის ცოლმა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მოტივი შურისძიება და კონფლიქტია. თუმცა კონკრეტულად არ საუბრობენ. პროკურორის მტკიცებით, იაშვილის საქმეში მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი არა ერთი მტკიცებულებაა.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ მიხეილ იაშვილს მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს და ისინი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

 მიხეილ იაშვილის ადვოკატის, დავით ცინცქალაძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მკვლელობასთან შემხებლობა არა აქვს.

დღის ამბები